თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები" გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში კონცერტზე ფურორი მოახდინა – საოცარი გამოსვლის ვიდეო ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
გრანდიოზული ევროპული ტურნეს ფარგლებში გერმანიაში გამოსვლა ცნობილი ქართული ანსამბლისთვის რიგით 28-ე იყო.
როგორც ნინო სუხიშვილი წერს, შემდეგი ქალაქი ბერლინი იქნება.
„ამ გასტროლზე დავიპყარით ბელორუსია, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ჩეხეთი, დაეცა პოლონეთის, ავსტრიის და გერმანიის ქალაქები, წინ ბერლინია, იმასაც ავიღებთ და გამარჯვებულები დავბრუნდებით", – წერს ნინო სუხიშვილი.
როგორც ანსამბლის დირექტორი აღნიშნავს, ევროპაში საგასტროლო ტურის დასრულების შემდეგ ანსამბლი ცოტა დაისვენებს და შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. 3 და 4 იანვარს დასი Dubai Opera-ს სცენაზე გამოვა. ეს „სუხიშვილების" პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში.
„სუხიშვილებმა“ ბოდრუმში ნამდვილი ფურორი მოახდინეს: ვიდეო კონცერტიდან>>
ანსამბლი 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა შექმნეს. პირველი გასტროლი ანსამბლს 1948 წელს ჰქონდა. მას შემდეგ „სუხიშვილები" უდიდესი წარმატებით გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე.