თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში სამშაბათს, 26 ნოემბერს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა – სანქტ-პეტერბურგის ქართველთა გაერთიანება „თერგდალეულებმა" აცნობეს.
ღონისძიება სახელწოდებით „ყანჩელი. სიჩუმის მუსიკა" თანამედროვე ხელოვნების გალერეაში MoiKa104 გაიმართება.
კონცერტზე კომპოზიტორის კარგად ნაცნობ მელოდიებს ააჟღერებს ხალხური სიმღერის ქალთა ანსამბლი Aragvi Project, მამაკაცთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ტრიო „ბალადა" და ტრიო „ნოსტალგია".
ამას გარდა, საღამოზე ისაუბრებენ დიდი კომპოზიტორის ცხოვრებისეულ ისტორიებზე.
„სიჩუმის მაესტრო" გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ბელგიაში გია ყანჩელის ძეგლი შეიძლება დაიდგას>>
გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ. სტურუასთან ერთად მუშაობდა სპექტაკლებზე „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „ჰამლეტი" და სხვ.