თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი ორი პირი კი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები. უწყების ცნობით, 32 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების ღირებულება საერთო ჯამში 29 ათას ლარს აღემატება.
„დღეისათვის მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.