თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყოფილი უფროსი თამარ ფხოველიშვილი და მისი მეუღლე ზურაბ ნუცუბიძე, რომელთაც ბრალი კომპანიის კუთვნილი 2 მლნ ლარის ოდენობის უკანონო მითვისებაში ედებათ, დამნაშავედ ცნო და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური.
ბრალდებული ფხოველიშვილი და ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს უფროსი ნათია ნავროზაშვილი 2015 წლის თებერვალში დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ 2013-2014 წლებში კომპანიის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ზურაბ ნუცუბიძე სამართალდამცავებმა უფრო ადრე დააპატიმრეს.
„სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ წარმოდგენილია პირის ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა და შესაბამისად, თამარ ფხოველიშვილი და ზურაბ ნუცუბიძე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში. მათ, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ზურაბ ნუცუბიძე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო თამარ ფხოველიშვილმა ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ. რაც შეეხება ბრალდებულ ნათია ნავროზაშვილს, მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და ბრალის აღიარების საფუძველზე ბრალდებულთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 2 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი ჩაითვალა პირობითად.
როგორც მანამდე საქართველოს შსს იუწყებოდა, ფხოველიშვილმა და ნუცუბიძემ უკანონოდ მითვისებული თანხით ორი ძვირადღირებული ავტომანქანა და საცხოვრებელი ბინა შეიძინეს, რომელთაც საქმის გახსნისთანავე, ყადაღა დაედოთ.
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ 2012 წელს შეიქმნა და მისი წილების 100%-იანი მესაკუთრე სახელმწიფოა. კომპანიის მიზანი თბილისის, მცხეთის, რუსთავისა და აჭარის გამოკლებით, სრულიად საქართველოს სასმელი წყლით მომარაგებაა.