მხატვრის საოცნებო ქალაქი და მეექვსე კლასში სცენაზე შესრულებული მოხუცის როლი

© courtesy of Nikusha Maglakelidzeნიკუშა მაღლაკელიძე
ნიკუშა მაღლაკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ არჩეული პროფესია, ბუნებრივი ნიჭი და თვითგამოხატვის გზა და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე...

ნიკუშა მაღლაკელიძემ ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციის ტექნოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ყველას დღემდე პროფესიონალურ სცენაზე მის მიერ შესრულებული როლები ახსოვს. ამას გარდა თვითნასწავლმა მხატვარმა უკვე მოასწრო და სამი გამოფენა მოაწყო, მათ შორის ერთი იტალიაში გაიმართა. საუბარი თეატრით დავიწყეთ.

© photo: courtesy of Nikusha Maglakelidzeნიკუშა მაღლაკელიძე
მხატვრის საოცნებო ქალაქი და მეექვსე კლასში სცენაზე შესრულებული მოხუცის როლი - Sputnik საქართველო
ნიკუშა მაღლაკელიძე

- ნიკუშა, როგორ გახდით სკოლის მოსწავლე პროფესიონალური თეატრალური დასის მსახიობი?

- თეატრი ბავშვობიდან მიყვარს. პაროდირების ნიჭი თავიდანვე დამყვა და სკოლაში ყველა მე მადებდა თითს – ესაა ის ბიჭი, ყველას რომ ბაძავსო. ხალხის გაცინება და გახალისება კარგად შემეძლო. თეატრის მაშინდელმა რეჟისორმა, ქალბატონმა დოდო მერკვილიშვილმა პირდაპირ სკოლიდან წამიყვანა თეატრში. ჯერ კიდევ მეექვსე კლასის მოსწავლე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრალური დასის მსახიობი ვიყავი. ისე მოხდა, რომ მეექვსე კლასიდან მეოთხე კურსამდე თეატრს არ მოვშორებივარ. მერე უკვე, პროფესიიდან გამომდინარე, ამ სფეროს ჩამოვშორდი. დღესაც მინდა იქ დაბრუნება, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- მეექვსე კლასის მოსწავლეს რომელი როლი განდეს?

- ზესტაფონის თეატრში ქალბატონმა დოდომ დადგა სპექტაკლი „ვანო პაპას ბაღი“, რომელშიც მე ბაბუის როლი შევასრულე. მოხუცისთვის დამახასიათებელი მოქმედებებით – ხელის კანკალი და ნელი მოძრაობა – ყველაფერი ზუსტად შევასრულე. ეტყობა ეს როლი ისე კარგად გამომივიდა, რომ მაყურებელი დარბაზში ტიროდა.

- ლოგიკური კითხვა ისმის: რატომ არ გახდით პროფესიონალი მსახიობი?

- ახლობლებმა არ ჩამაბარებინეს... რა ვიცი, რატომ? ეს პროფესია ვერ გაცხოვრებს და მშიერი დარჩებიო. ზოგადად ასეთი დამოკიდებულებაა დღესაც ამ პროფესიის მიმართ. ფაქტია, რომ მე მაინც ვერ ვეშვებოდი თეატრს, მაშინაც, როცა ქუთაისის უნივერსიტეტში ინფორმაციის ტექნოლოგიებზე ჩავაბარე, პირველი კურსიდან მოყოლებული ოთხი წელი უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე ვიდექი. იმ დროს სამჯერ დაიდგა სპექტაკლი და სამჯერვე მივიღე მასში მონაწილეობა. თეატრალურზე ჩაბარება ვერ მოვახერხე. ქუთაისის თეატრში ვითამაშე სპექტაკლში სახელწოდებით „ამაშია საქმე“, რომელიც ბევრ ადგილზე ვაჩვენეთ, ფესტივალის პრიზიორებიც კი გავხდით. იყო ცხოვრებაში ასეთი დაუვიწყარი მომენტებიც... გითხარით, რომ პაროდირების ნიჭი დამყვა და იუმორს ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მას რთული სიტუაციიდან საკმაოდ ხშირად გამოვუყვანივარ.

- ხატვა როგორ დაიწყეთ?

- როცა პირველივე ნახატი მომიწონეს, სტიმული გამიჩნდა და ვეღარ გავჩერდი. უნივერსიტეტში ჩემი ნამუშევრით გავიმარჯვე, რასაც საერთოდ არ ველოდი. ეს ნახატი საჩუქრად მინდოდა სხვისთვის და კონკურსზე შემთხვევით გავიტანე. 2016 წლიდან  ძირითადად ზეთის საღებავებით ვხატავ. სულ სამი პერსონალური გამოფენა მქონდა – ერთი თბილისში, ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში, შემდეგ იტალიის ქალაქ ოსტუნში, სადაც გამიმართლდა და კარგად დაემთხვა ის ფაქტი, რომ პირველ სართულზე ჩემი ნახატების გამოფენა იყო, მეორეზე – პიკასოს ნახატებისა და ფოტოების გამოფენა. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ გამოფენის მოწყობაში თავიდან ბოლომდე დედა დამეხმარა. შემდეგი გამოფენა 2019 წელს თბილისში, ავეჯის სახლ „მარკოში” გაიმართა.

© photo: courtesy of Nikusha Maglakelidzeნიკუშა მაღლაკელიძის შემოქმედება
მხატვრის საოცნებო ქალაქი და მეექვსე კლასში სცენაზე შესრულებული მოხუცის როლი - Sputnik საქართველო
ნიკუშა მაღლაკელიძის შემოქმედება

- ლობიოს მარცვლებით ხატვის იდეა როდის გაგიჩნდათ?

- ეს იდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა. ტაილანდელი მოხუცის პორტრეტი უნდა დამეხატა და უცებ ეს იდეა მომივიდა. მომავალშიც ვაპირებ ამ ფორმით სხვა ნამუშევრების შექმნას. ხატვის სტიმული ჩემ შემთხვევაში მეტწილად იმედგაცრუება ხდება ხოლმე. ვფიქრობ, ხელოვნებაში რაიმე გრანდიოზულის, მნიშვნელოვანისა და საინტერესოს შექმნის ბიძგი და საფუძველი შეიძლება უფრო იმედგაცრუება, მარტოობა და მელანქოლია გახდეს.

© photo: courtesy of Nikusha Maglakelidzeნიკუშა მაღლაკელიძის შემოქმედება
მხატვრის საოცნებო ქალაქი და მეექვსე კლასში სცენაზე შესრულებული მოხუცის როლი - Sputnik საქართველო
ნიკუშა მაღლაკელიძის შემოქმედება

- რადგან ხატავთ და თეატრიც გიყვართ, იქნებ თეატრის მხატვრობა გეცადათ?

- რა ვიცი, სულ ვფიქრობ ხოლმე ყველაფერზე. იქნებ სწორად არ მივდივარ? იქნებ ყველაზე მაგარი შანსი ჯერ კიდევ არ მომეცა ცხოვრებაში? თეატრის მხატვარი ახსენეთ და თუ რეალური შემოთავაზება იქნება, სიამოვნებით ვიმუშავებ ამ მიმართულებითაც...

- ძირითადად ევროპული ქალაქის ქუჩებს ხატავთ და ეს რეალობიდან გაქცევის მცდელობაა?

- სწორად შენიშნეთ, მართლაც ასეა. ხელოვანი ხალხი მუდამ ახლის ძიებაშია, ყოველთვის უნდა გარემოს შეცვლა. რაც შეეხება ჩემ საოცნებო ქალაქს, იქ აუცილებლად უნდა იყოს ზღვა. ძალიან მიყვარს ძველი დრო, ქუჩები სავსე ეტლებით, ტრამვაით და ძველებურად შემოსილი გამვლელებით... ვოცნებობ ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელოვნება მეტად ფასობს, სადაც შევძლებდი თუნდაც მარტო ჩემი ნამუშევრებით მეცხოვრა და არა მეარსება, სხვა სამსახურის ძიებაში არ ვყოფილიყავი…

 

ყველა ახალი ამბავი
0