თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 18 ნოემბერს დაკავებული 37 პირის საქმის განხილვა განახლდა.
პიკეტები ყოველ ორშაბათს: ოპოზიციამ გეგმები გაახმოვანა >>
სასამართლოს შენობასთან მეორე დღეა ბრალდებულთა მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ორშაბათს პარლამენტის პიკეტირებისას ჩიტაძის ქუჩაზე დააკავებს. იმავე დღეს ხელწერილით გათავისუფლდა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. დარწმუნებული ვარ, სხვა დროსაც ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს, ვინაიდან ამ ადამიანების მიერ დარღვეული რომელიმე სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი რეალობაში არ არსებობს“, – განაცხადა დაკავებულთა ადვოკატმა გიორგი ონიანმა.
ყველა მათგანს ჯარიმა ან ადმინისტრაციული წესით 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თავად სასამართლო ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზიდან ორ პირთან ერთად „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი გააძევეს, ხოლო სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელმაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს „სამარცხვინო“ უწოდა, დარბაზი პროტესტის ნიშნად თავად დატოვა.
თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
სასამართლოსთან ერთმა პირმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა >>
პოლიციისა და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად მომიტინგეები უკან დახევას არ აპირებენ – ისინი პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას მომავალშიც აპირებენ.