თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკანონოს უწოდებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას, თუმცა ამაში იმ დეპუტატებს ადანაშაულებს, რომლებმაც საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.
საქართველოს პარლამენტის პიკეტირების გადაწყვეტილება ოპოზიციამ პარლამენტის წინ კვირას გამართულ აქციაზე მიიღო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, საკანონმდებლო ორგანოს შენობის ირგვლივ ტერიტორიაზე კი კარვებია გაშლილი.
„მედია მირეკავს და აინტერესებს ჩემი პოზიცია, რამდენად კანონიერია პარლამენტის შენობის პიკეტირება. რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა", – დაწერა ლომჯარიამ საკუთარ Facebook-გვერდზე.
კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გაერთიანდა და დროებითი მთავრობის პირობებში პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ჩააგდო, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. მიზეზი მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების გარკვეული ნაწილის პროტესტი გახდა.
„უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და, შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში", – წერს სახალხო დამცველი.
ლომჯარიას აზრით, პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია.
„მაჟორიტარებს კი, თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ", – წერს ლომჯარია.
კვირას საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის მომხრეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენეს: ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, არჩევნებამდე მოქმედი მთავრობის გადადგომა და ივნისის აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელ-გასასვლელი ბლოკირებულია, შენობა კარვების ქალაქითაა გარშემორტყმული.