თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ფოთის საკრებულომ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება შეუჩერა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ზუგდიდიდან.
როგორც საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკრებულოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა მიმართა.
სამართალდამცველებმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელე, რომელთა შორის არიან ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, 8 ნოემბერს დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 10 ნოემბერს შეუფარდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
გამოძიების ინფორმაციით, 2015 და 2017 წლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომლებიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
ნიკა ლატარია