ბათუმში მომიტინგეებმა მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს

© photo: Sputnikსაცხოვრებელი სახლები ბათუმში
საცხოვრებელი სახლები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომიტინგეთა თქმით, ისინი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს, იუწყება ტელეარხი Imedi.

მომიტინგეთა განცხადებით, ისინი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისში ოპოზიცია დაკავებულების მხარდასაჭერად იკრიბება >>

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, დაკავებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი, ასევე პარტიის ორი წევრი – დავით მჟავანაძე და დავით გეგიაძე.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი

დღეს შსს-მ გააფრთხილა აქციის მონაწილეები იმის შესახებ, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და დეპუტატებისთვის საქმიანობის ხელის შეშლა კანონით იკრძალება, თუმცა აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს დაშლაზე. შედეგად შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია დაშალეს. ძალოვანებმა აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ განდევნეს, სადაც მათ პროტესტი განაგრძეს. პარლამენტის ირგვლივ ყველა გზა გახსნილია, მაგრამ შეტაკებები გრძელდება.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დროს ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 18 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტები, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები – დეპუტატები ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, რომელზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა 20-21 ივნისის აქციაზე არეულობების ხელმძღვანელობის გამო, ასევე ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა და სხვ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმის დახმარებით გაათავისუფლეს – ვიდეო >>

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0