დაპირისპირება აქციაზე: აჭარაში თუთუნის მწარმოებლები რეგულაციებს აპროტესტებენ

© Sputnik / Shota Nozadzeმიტინგი ბათუმში
მიტინგი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა  ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებლებმა დღეს  აქცია გამართეს და თამბაქოზე ახალი რეგულაციები გააპროტესტეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ახალი რეგულაციების მიხედვით,  საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს) რეალიზაცია და მიწოდება.  ამასთან, სავალდებულო ხდება აქციზიც. 

მოწევის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმი აღარ გაიყიდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლები თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესების შემდეგ თამბაქოს განადგურებას და შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩენას აანონსებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, ქედაში, შუახევსა და ხულოში თამბაქო აქტიურად მოყავთ და ის მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი, ისინი გადასახადს ვეღარ გადაიხდიან და იძულებული იქნებიან, სოფლები დატოვონ.

„გვინდა, თამბაქოს როგორც ვყიდდით, ისე გავყიდოთ და არ დაიბეგროს. ერთ კილოში 60 ლარს ვერ გადავიხდით. აზრი აღარ ექნება მოყვანას, რადგან თუთუნი 40-50 ლარი ღირს. გვაიძულებენ, სოფელი დავტოვოთ. თამბაქოს მოყვანის კულტურა განადგურდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაზრდილი გადასახადის გარდა, ადგილობრივები   კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ. კერძოდ, მათი განმარტებით, სახლში მოყვანილი და დაჭრილი თამბაქო  შეფუთვის შემდეგ სარეალიზაციოდ აღარ ივარგებს. 

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობამდე მსვლელობაც მოაწყვეს. მოგვიანებით მათ ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივები საპროტესტო აქციების გაგრძელებას მანამდე გეგმავენ, სანამ მათთვის მისაღები შედეგი არ დადგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0