პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუდ-ის თანამშრომლების დაკავება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის ჯემალ შამათავას მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს უკავშირდება.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ორი თანამშრომელი დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, ხოლო კიდევ ერთ მაღალჩინოსანს ლევან ქარდავას ბრალი წაუყენა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საგამოძიებო უწყება ბრალის წარდგენას გეგმავს კუდ-ის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი გიორგი დგებუაძის („მასტერა“) მიმართ, თუმცა, პროკურატურის განმარტებით, ვინაიდან მისი საქართველოში ექსტრადიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, უწყებას დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

უწყების თანახმად, ყოფილი კუდ-ის თანამშრომლების დაკავება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის ჯემალ შამათავას მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს უკავშირდება.

გამოძიების ვერსიით, 2006 წელს შამათავამ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ კუდ-ის გეგმები (ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს) პატარკაციშვილის კომენდანტს გაანდო და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე, რის გამოც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მისი დასჯა გადაწყვიტა.

ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
რატომ გათავისუფლდა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი

გამოძიების თანახმად, ჯემალ შამათავა ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დააკავა. მოგვიანებით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სხვადასხვა საქმეზე ნასამართლევი არიან. კერძოდ, გიორგი დგებუაძე, იგივე მასტერა მსჯავრდებულია ე.წ. ნავთლუღის საქმეზე და 12 წლის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული. ილია გამგებელი ნასამართლევია 2018 წელს ცემის ფაქტზე, მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა. დავით ქოქიაშვილი მსჯავრდებულია გირგვლიანის საქმეზე და სასჯელი მოხდილი აქვს. ლევან ქარდავა მსჯავრდებულია ე.წ. ნავთლუღის საქმეზე და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილსა და „მასტერას“ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკითხავენ

პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოში, ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ-იარდმა მისი სწრაფი სიკვდილი საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით, ექსპერტიზის საფუძველზე, მიზეზად გულის იშემიური დაავადება დაასახელა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმე საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. პროკურატურა არ უარყოფს მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ამასთანავე ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიგეგმა მისი მკვლელობა. აღნიშნულის მტკიცების საფუძველი გახდა 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიოჩანაწერები, რაც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში სხვა ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის დაკავებისას აღმოაჩინა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამ ყოფილ თანამშრომელს – გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, და ლევან ქარდავას.

ყველა ახალი ამბავი
0