რატომ გათავისუფლდა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურებოდა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი დაკითხეს>>>

როგორც დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა. კერძოდ, მერებაშვილს პატიმრობის ვადა ეწურებოდა 15 ივლისს, ხოლო ვინაიდან აღნიშნულ დრომდე სასამართლო სხდომის ჩანიშვნა ვერ მოხერხდა, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილსა და „მასტერას“ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკითხავენ

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოში, ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ-იარდმა მისი სწრაფი სიკვდილი საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით, ექსპერტიზის საფუძველზე, გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადება დაასახელა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. პროკურატურა არ უარყოფს მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ამასთანავე ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიგეგმა მისი მკვლელობა. აღნიშნულის მტკიცების საფუძველი გახდა 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიოჩანაწერები, რომლებიც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში სხვა ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის დაკავებისას აღმოაჩინა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამ ყოფილ თანამშრომელს – გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, და ლევან ქარდავას. მერებაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 2018 წლის 17 ოქტომბერს შეუფარდა.

პასუხგაუცემელი კითხვა: მოკლეს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი>>>

შიუკაშვილი ოთხწლიან სასჯელს იხდის პოლიტიკოსების ინტიმური ფარული ჩანაწერების შექმნის საქმეზე. თბილისის სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის ივლისში მიუსაჯა. გარდა ამისა, შიუკაშვილის გვარი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის საქმეში.

რაც შეეხება ლევან ქარდავას, მას სასამართლომ 2014 წელს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2006 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის გამო, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.

ბადრი პატარკაციშვილი ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და ტელეკომპანია Imedi-ს დამფუძნებელი და მფლობელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0