თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ჟურნალ Vogue-ის რუსულმა ვერსიამ ქართველ მოდელ ანა გავვას სტატია მიუძღვნა, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ დაიწყო გოგონამ კარიერა და „ავიდა“ ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებამდე, როგორიცაა Gucci და Balenciaga.
„საქართველო – ნამდვილად საოცარი ქვეყანაა. მოდის სამყაროს მან არაერთი ნიჭიერი ადამიანი აჩუქა – არა მარტო დიზაინერები, არამედ მოდელებიც. პროცესი დღესაც გრძელდება. თბილისში ჩატარებულ მოდის კვირეულზე Mercedes-Benz Fashion Week პოდიუმზე ათობით ახალი სახის დანახვა შეიძლებოდა. ამ ახალი ტალღის წარმომადგენელი გახლდათ 23 წლის მოდელი ანა გავვა. ყველაზე ყურადღებიანებს გოგონა Balenciaga-ს და Gucci-ს ჩვენებებზე უკვე ნანახი ჰყავდათ. დიდი ბრენდების პოდიუმებზე მოდელმა გზა დამოუკიდებლად გაიკვალა“, – ასე იწყება „ვოგის“ სტატია.
როგორც გამოცემა წერს, ანა გავვა ბავშვობიდან ოცნებობდა მოდელი გამხდარიყო, მაგრამ პირველი ნაბიჯი მხოლოდ 20 წლისამ გადადგა. „საჭირო ადგილზე საჭირო დროს აღმოვჩნდი“, – ასე ხუმრობს ანა თავისი სამოდელო კარიერის დასაწყისზე საუბრისას. გოგონა უბრალოდ სინჯებზე მივიდა, რასაც მოჰყვა მისი თანამშრომლობა ფოტოგრაფ გრიგორ დევეჯიევთან, შემდეგ კი ყველა ქართველ დიზაინერთან.
კარიერის დასაწყისში ანა სამოდელო სააგენტოს მხარდაჭერით არ სარგებლობდა, ამიტომ მსხვილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მაგრამ ანამ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა.
„შარშან საქართველოში Vetements-სთვის შესარჩევი სინჯები ტარდებოდა. მაშინ გამოვტოვე, რადგან სააგენტოში არ ვიყავი. მაგრამ კასტინგის რეჟისორს მაინც დავუკავშირდი და ჩემი კანდიდატურა შევთავაზე“, – ამბობს გოგონა.
ბრენდის შოუზე გამოსვლა ანამ ვერ მოასწრო, თუმცა მოახერხა Balenciaga-ს პოდიუმზე მოხვედრა. დაახლოებით ამავე დროს მოდელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Tann Model Management-თან და აღმოჩნდა Gucci-ს და MM6-ის შოუზე.
თავისუფალ დროს ქართველ მოდელს უყვარს ხატვა და ძველი ფირიანი ფოტოაპარატების კოლექციის შეგროვება. ანას უყვარს ასევე ქალაქში სეირნობა და გამოფენები. როგორც „ვოგი“ წერს, მუზეუმები მას პოდიუმზე არანაკლებ იტაცებს.