თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „მაკნატუნას“ ახალ ვერსიას ამზადებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
პარიზის ოპერის სცენაზე ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი შედგა >>
მაყურებელს ექნება შესაძლებლობა ყველასათვის ნაცნობი ზღაპრის ახალი ინტერპრეტაცია იხილოს. საპრემიერო ჩვენებები მომავალი წლის 11-18 იანვარს გაიმართება. ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
სპექტაკლის ქორეოგრაფიაზე მუშაობდნენ ალექსეი ფადეევიჩი და ნინო ანანიაშვილი, დირიჟორი კი პაპუნა ღვაბერიძე იქნება.
„მაკნატუნა“ - ერნსტ ჰოფმანის ზღაპრის „მაკნატუნა და თაგვების მეფე“ მიხედვით მარიუს პეტიპას ლიბრეტოზე დადგმული პეტრე ჩაიკოვსკის ორმოქმედებიანი ბალეტი. ბალეტის პრემიერა შედგა 1892 წლის დეკემბერში, სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრში.
„მაკნატუნა“ პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი განსხვავდება ტრადიციული საბალეტო ჟანრისგან, რადგან მასში ახლებურად არის გამოყენებული მუსიკალური სახეები. ასევე „მაკნატუნაში" პირველად აჟღერდა ჩელესტა - მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ჩაიკოვსკის თხოვნით პარიზიდან გამოიწერეს. ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო მაყურებლისთვის.