თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რომპეტროლ საქართველოს“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „ეკო მარკეტის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე „რომპეტროლ საქართველოს“ ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით თავს დაესხა ავტოგასამართი სადგურის სამ თანამშრომელს და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა 560 ლარი.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა იგივე დანაშაული ჩაიდინა 10 აგვისტოს, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია „ეკო მარკეტში“ და დიდი დიღმის გამოსასვლელთან მდებარე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ავტოგასამართ სადგურზე, საიდაც 711 ლარი გაიტაცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 10 აგვისტოს დააკავეს.
თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს >>
მას ბრალდება 3 ეპიზოდზე სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.