შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ერთობლივად დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთი წევრი.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ოთხი პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ.მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.
ამავე ფაქტზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს 1986 წელს დაბადებული ზ.მ.
პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის – გ.მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.
ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მეხუთე წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.