თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე სიტუაცია გაუარესდება EAEU-ს (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) ირანთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, განაცხადა სომხეთის დამსაქმებელთა კავშირის თავმჯდომარემ გაგიკ მაკარიანმა, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.
„როდესაც ხელშეკრულება ძალაში შევა, ირანულ სატვირთო მანქანებსაც ამ გზის გავლა მოუწევთ. ენობრივმა ბარიერმა და საბაჟო რეგულაციების არცოდნამ შეიძლება ყველაფერი გაართულოს. ყველა ამ პრობლემამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი საცობები“, - განაცხადა მაკარიანმა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი დაეთანხმა იმას, რომ საცობების თავიდან ასაცილებლად, სომხეთმა უნდა მოიძიოს ალტერნატიული გზები, ასევე ახალი საექსპორტო ბაზრები. ამასთან, მან ახსენა საკითხი მძღოლების ინფორმირებასთან დაკავშირებით.
„მძღოლები ძალიან კარგად იცნობენ წესებს და დარღვევებზე სრულიად შეგნებულად მიდიან. როდესაც წვრილმან დარღვევებზე თვალებს ხუჭავენ, მათ ჰგონიათ, რომ სხვა დროსაც შეძლებენ მოტყუებას. მაგრამ თუ ხედავენ, რომ კონტროლი გამკაცრებულია, მაშინ ისინი არ რისკზე არ მიდიან. ვფიქრობ, პრობლემის გადაჭრა წესების დაცვაშია”, - განაცხადა მინისტრმა.
2019 წლის 27 ოქტომბერს ძალაში შევიდა ირანთან 2018 წელს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ დროებითი შეთანხმება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია სამი წლით, მომავალში გახანგრძლივების პერსპექტივით.
ისტორიული პროექტი: კობი-გუდაურის გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება >>
„ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ბოლო დიდი საცობები დაფიქსირდა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში. მიზეზი იყო ტვირთგადამზიდავების მხრიდან ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, როდესაც სატვირთო მანქანები ნებადართულზე მეტად ან არაპროპორციულად იტვირთებოდა. რუსეთის საბაჟო სამსახურმა აღმოაჩინა ტექნიკური ნორმების დარღვევა და მძღოლებისგან მოითხოვა დადგენილი რეგლამენტის შესრულება. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე რეგულაციები სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მოქმედებს.