თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ, სპეცრაზმი გამოჩნდა.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
ამ დროისათვის საპროტესტო აქციის მონაწილეები კინოთეატრში შესვლას ცდილობენ. რამდენიმე მათგანმა პიროტექნიკა ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოთეატრში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.
აღსანიშნავია, რომ გეი-წყვილის სიყვარულზე გადაღებული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერსაა დაგეგმილი. ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებმა ვერის პარკსა და ფილარმონიასთან შეკრება დაახლოებით 16:00 საათისთვის დაიწყეს. საღამოს ადგილზე უკვე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი, რის შემდეგაც მათ კინოთეატრ „ამირანთან“ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზა და ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის კორდონი. ზოგ მათგანს ხელში ფაიერები უჭირავს, ისმის შეძახილები „საქართველო“ და „საქართველოს გაუმარჯოს“.
მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პოლიციის კორდონს შეუტიეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. უშუალოდ კინოთეატრის წინ ჩაფხუტებითა და ფარებით აღჭურვილი პოლიციელები დგანან.
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილს „ამირანთან“ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ ის ფილმის სანახავად იყო მისული. გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენიშვილი საპატრულო პოლიციის მანქანით გაჰყავთ ტერიტორიიდან.
კინოთეატრ „ამირანთან“ დგანან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დღევანდელ პრემიერაზე დასასწრები ბილეთები, თუმცა შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, მათ კინოთეატრში შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული „ამირანთან“. მათი პასუხი ისაა, რომ ისინი სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.