კანონმდებლები დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს იმსჯელებენ

© photo : Vano Zardiashvili / FB ვანო ზარდიაშვილი
ვანო ზარდიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზარდიაშვილი პარლამენტში "ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდა, ამიტომ შუალედური არჩევნების გამართვა საჭირო არ იქნება.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში და ვინ დატოვებს პარლამენტს ვადაზე ადრე

ვანო ზარდიაშვილმა განცხადება საკუთარი სურვილით 7 ოქტომბერს დაწერა, მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას და დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა. ზარდიაშვილის თქმით, ის ტალახის სროლის სამიზნე აღმოჩნდა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები ფსიქიკურ წნეხს განიციან. მისი განმარტებით, სწორედ ეს გახდა პარლამენტიდან წასვლის მიზეზი.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილება ვანო ზარდიაშვილის მიერ დაწერილი განცხადება მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და, შესაბამისად, სხდომა მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე", – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, პირველივე სასესიო კვირაში კანონმდებლები კენჭისყრაზე დააყენებენ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ამის შემდეგ კი ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს პარტიული სიიდან უფლებამონაცვლეს წარუდგენს.

ზარდიაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდა, ამიტომ შუალედური არჩევნების გამართვა საჭირო არ იქნება.

ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში, სავარაუდოდ, თემურ გოცირიძე იქნება. იგი „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 52-ე ნომერია. „ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა და ზარდიაშვილი მას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ მან პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა. ირაკლი ზარქუა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ყველა ახალი ამბავი
0