შემთხვევითი არაა, რომ ბოლო პერიოდში უკვე უმრავლესობის სამმა წევრმა დატოვა საკანონმდებლო ორგანო და რამდენიმე, თურმე, კიდევ რიგში დგას.
შოთა შალელაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი და ვანო ზარდიაშვილი რეკორდულად მცირე დროში წავიდნენ პარლამენტიდან. იმუნიტეტი შეუჩერდა ნიკა მელიასაც. ცნობილი ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მალე პარლამენტი, შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფო კილაძემაც დატოვონ.
ამ ამბავს ჟურნალისტი ირაკლი კობახიძის კადრების „ჩაჩოჩებით“ ხსნის, მაგრამ გასაოცარი ისაა, მაშინ ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი ვისი კადრები არიან?
პრემიერმა გახარიამ არც ის დამალა, რომ მთავრობა არჩევნებისათვის მუდმივად ემზადება.
რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მთავრობა „საარჩევნოს“ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ თუ გაფრენილ ფასებს და ლარს არაფერი ეშველა, ზარდიაშვილზე უფრო სერიოზული ფიგურების გაწირვა გახდება საჭირო.
„ოცნების“ საარჩევნო სიის კონტურები უკვე ჩანს.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ სიას თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში. ძნელი დასაჯერებელია, რომ მას საქართველოს ფეხდაფეხ მოვლისა და საარჩევნო კამპანიის ჩატარების სურვილი ჰქონდეს, თუმცა ვნახოთ, რა საჭიროება იქნება 2020-ის არჩევნების წინ.
„ქართული ოცნების“ ყველაზე რეიტინგული ფიგურა კახი კალაძე უკვე დაკავებულია, ის დედაქალაქის მერის ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, სიაში მასაც ჩასვამენ.
ერთ-ერთი ვერსიით, საარჩევნო სიის სათავეში გიორგი გახარია განიხილება საკუთარი კადრებით, მეორე ვერსიით კი პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
ხალხთან აქტიური შეხვედრები უკვე დაიწყეს თეა წულუკიანმა და მაია ცქიტიშვილმა, რომლებიც ასევე პირველ ხუთეულში მოიაზრებიან. წულუკიანს არც დაუმალავს ხაზარაძისათვის – ჩემ გამომცხვარ ჭვიშტარს ვერ ეღირსები, მანამდე არჩევნები მაქვს მოსაგებიო.
სიაში მოხვდება ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ასევე ძველი, მაგრამ რეიტინგული დავით სერგეენკო. სხვათა შორის, იყო დრო, მას პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედაც განიხილავდნენ.
საპატიო ათეულში უნდა ველოდოთ სოზარ სუბარს და პარტიის პოლიტსაბჭოს კიდევ ერთ წევრს დიმიტრი სამხარაძეს.
სიაში არა, მაგრამ საპატიო თანამდებობაზე გაუშვებენ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც, დაბალი რეიტინგის მიუხედავად, ივანიშვილის ნდობა და სიყვარული არ დაუკარგავს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა ჯერ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ძალთა გადანაწილების ნარატივს ვერ გასცდა, არაპოპულარული სახეების დამალვის დრო უკვე მოვიდა.
ამასობაში ექსპერტები ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში პარლამენტში 6-7 პარტიის მოხვედრას ელოდებიან.
„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ხმებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპელი დემოკრატები“, „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და „შენების მოძრაობაც“ მიიღებენ.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, 30 პროცენტამდე ხმების მიღების შანსი აქვს ხაზარაძესაც, გააჩნია, როგორ იმუშავებს.
თუმცა ეს რიცხვი ძალიან გაბერილი ჩანს იმ ფონზე, რომ ამ არჩევნებში ასეთი დიდი უპირატესობით ვერც ერთი პარტია ვერ მოიწონებს თავს. თავისი მომხრეები ჰყავს ირაკლი ოქრუაშვილსაც...
მოკლედ, გაძვირებული პურისა და ტაქსის რა მოგახსენოთ და ახალი წლიდან სანახაობა თავზე საყრელად გვექნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!