თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. ამის შესახებ ოთხშაბათს პარტიის ლიდერების შეხვედრაზე ითქვა.
კობახიძე: მომავალ არჩევნებზე მმართველ პარტიას ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება >>>
მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც მმართველი პარტიის სრული გამარჯვების შანსებს ამცირებს. აქამდე არჩევნები შერეული სისტემით ტარდებოდა – 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77 დეპუტატს კი პარტიული სიით ირჩევდნენ.
პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. იმსჯელეს ასევე რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების შედეგებზე.
„ვიწყებთ მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. გვაქვს ამბიციური ამოცანა – მნიშვნელოვნად ავცდეთ 50%-იან ნიშნულს. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სერიოზული მომზადება და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერის, მამუკა მდინარაძის სიტყვებით, შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ყველა თემაზე, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ხალხთან. ერთ წელიწადზე მოკლე დროში გვაქვს არჩევნები და ამომრჩევლის წინაშე ღირსეულად უნდა წარვდგეთ. ბოლო დროს ათასამდე შეხვედრა შედგა მოსახლეობასთან. საზოგადოების საჭიროებებს ჩვენ უშუალოდ ხალხისგან ვიგებთ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
შეხვედრას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ტრიპოლსკი, პარლამენტის წევრები, საკრებულოს დეპუტატები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.