თბილისი, 5 ნოემბერი- Sputnik. ინგლისური ენის ცოდნის დონით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე ადგილზეა, აღნიშნულია „ინგლისური ენის ცოდნის ინდექსში“, რომელიც უცხო ენების შემსწავლელმა კომპანია Education First-მა გამოაქვეყნა.
კომპანია Education First-მა (EF) გამოაქვეყნა მსოფლიოს 100 ქვეყნის ყოველწლიური რეიტინგი ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. კვლევის ფარგლებში თითოეულ ქვეყანაში 2.3 მილიონი ადამიანის ტესტირება ჩატარდა. წელს ტესტირებაში 77%-ით მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
შედეგად დადგინდა, რომ ევროპაში ინგლისურ ენას ყველაზე ცუდად ფლობენ აზერბაიჯანში და თურქეთში, შემდეგ მოდის საქართველო.
რაც შეეხება გლობალურ მასშტაბებს, საქართველო ინგლისური ენის ცოდნის დონით 56-ე ადგილზეა. საქართველოს წინ უსწრებს: ბელორუსი - 47-ე ადგილი, რუსეთი - 48-ე ადგილი და უკრაინა - 49-ე ადგილი.
ინდექსის სათავეშია - ნიდერლანდები, შვედეთი და ნორვეგია. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ცუდად ფლობენ ინგლისურ ენას იტალიასა და ესპანეთში. ხოლო მსოფლიოს მასშტაბით სიის ბოლოს არის ლიბია.
კომპანიის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ინგლისური ენის ცოდნის დონე იზრდება და ჯგუფში „ძალიან მაღალი დონე“ ახლა უფრო მეტი ქვეყანაა, ვიდრე ოდესმე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საფრანგეთის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მაგრამ ესპანეთი და იტალია კვლავ ჩამორჩებიან ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს. რეგიონში ასევე შეინიშნება პოლარიზაციის ეფექტი: ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში ინგლისური ენის ცოდნა არ იზრდება იმავე ტემპით, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში.