დასახელდა 2019 წლის საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი

© Sputnik / Levan Avlabreliსასწავლო წლის დაწყება თბილისის 98-ე სკოლაში
სასწავლო წლის დაწყება თბილისის 98-ე სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებული გაემგზავრება დუბაიში საერთაშორისო კონკურსზე „მასწავლებლის გლობალური ჯილდო“

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი გახდა მარნეულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე.

სკოლის მასწავლებლის ხელფასი დღეიდან 150 ლარით გაიზარდა >>

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჭაუჭიძემ დამსწრეთ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს თხოვნით მიმართა.

„ძალიან მინდა, რომ ამ წლიდან განათლების მინისტრმა პრემიის გამარჯვებულის ერთი სურვილი შეასრულოს. მივმართავ მიხეილ ბატიაშვილს და სიტყვას ვართმევ, რომ შემდეგ წელს მარნეულის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი სტადიონი ექნებათ“, - ასეთი თხოვნით მიმართა ჭაუჭიძემ მინისტრს.

მინისტრმა წლის მასწავლებელს პირობა მისცა, რომ მისი თხოვნა აუცილებლად შესრულდება.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელმა ძირითადი პრიზის სახით 10 ათასი ლარი მიიღო.

საუკეთესო მასწავლებელი

გიორგი ჭაუჭიძე 1975 წლის 30 ნოემბერს ჭიათურაში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთბაშად ორ ფაკულტეტზე სწავლობდა - ისტორიის და სამართალმცოდნეობის. 2013-2015 წლებში განათლების სფეროში ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია მიიღო.

განათლების სისტემაში გიორგი 1997 წლიდანაა. ბოლო 15 წელი ასწავლის არაქართულენოვან სკოლებში, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს. გიორგის თქმით, არაქართულენოვანი სკოლები განათლების სისტემის ყველაზე აქტუალურ სფეროს წარმოადგენს. პედაგოგის დევიზია - „ჩვენი თავისუფალი განვითარება ჩვენს ერთიანობასა და ტრადიციებში“.

მასწავლებლის მსოფლიო პრემია

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ - ეს არის გლობალური კომპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“  (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.

სასწავლო წელი დაიწყო - Sputnik საქართველო
დღეს მასწავლებლის მსოფლიო დღეა

The Global Teacher Prize კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.

2018 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდა ლადო აფხაზავა. The Global Teacher Prize 2019-ზე დუბაიში ის საუკეთესო პედაგოგების ათეულში შევიდა. პრესტიჟული პრემიის მფლობელი კი მისი კენიელი კოლეგა პიტერ ტაბიჩი გახდა. სწორედ მან მიიღო 1 მილიონი დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0