თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის გრიგორი კარასინის მორიგი 23-ე შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა აბაშიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.
პრაღაში აბაშიძესთან მოლაპარაკებებს კარასინი გააგრძელებს >>
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში ამოქმედდა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. აბაშიძე და კარასინი განიხილავდნენ ვაჭრობასთან და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ჰუმანიტარულ თემებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დიალოგს ისეთ თემებზე, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული საკითხები. ეს ის დღის წესრიგია, რომელზეც ჩვენ 2012 წლიდან შევათანხმეთ. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, ასე რომ იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ პრობლემების გადაჭრას, რომელიც არსებობს ჩამოთვლილი მიმართულებებით და შესაძლოა ახალ პერსპექტივებს ვიპოვით”, - განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძე და კარასინი ამ ფორმატში 7 წელია მუშაობენ. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ამ პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღსადგენად.
როდის განახლდება პირდაპირი ავიამიმოსვლა
აბაშიძის თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით, რომელიც 8 ივლისიდან შეჩერებულია. დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საკითხი თვის ბოლოს გაირკვევა.
„ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა უკვე გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ამის შესახებ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ავიამიმოსვლის აღდგენით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამასთან დაკავშირებით უფრო სრული ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს გვექნება“, - განაცხადა აბაშიძემ.
ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო თბილისში ანტირუსული მოქმედებების ფონზე. ამის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მესამე ქვეყნის გავლით, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირია.
ქართულ-რუსული შეთანხმება
აბაშიძის განცხადებით, გადაუჭრელ საკითხებზე წლის ბოლომდე დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რომელიც შეიქმნა ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში, რომელიც საზღვარზე საქონლის მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წლის შეთანხმების შესრულების კონტროლს ახორციელებს.
არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
„იმედი მაქვს, რომ 2011 წლის ამ შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციაზე იქნება პროგრესი. შესათანხმებელი საკითხებია დარჩენილი. ეს იმდენად არაორდინარული პროექტია, რომ ახლა და შემდგომშიც, რეალიზაციისას ძალიან ბევრი საკითხი წამოიჭრება“, - აღნიშნა დიპლომატმა.
ტვირთების მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველომ და რუსეთმა შეთანხმება გააფორმეს შვეიცარიულ კომპანიასთან Société Générale de Surveillance SA (SGS). მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუზე, როკის გვირაბის გავლით და „ყაზბეგი - ზემო ლარსზე“ - დღეისათვის ერთადერთ მოქმედ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.