წყვილთა შორის ურთიერთობები საკმაოდ ფაქიზი თემაა. არსებობს წყვილთა შორის განსხვავებული ურთიერთობები მათი პიროვნული ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მყარი ურთიერთობების საფუძველს სიყვარული და ურთიერთმიმღებლობა, პიროვნული ღირსებისა და გრძნობების პატივისცემა წარმოადგენს.
პრობლემები, რომლებიც შეიძლება წყვილებს შეექმნათ, ეს არის ერთმანეთის მიმართ გაზვიადებული მოლოდინები, ერთმანეთის გაიდეალურება, როცა პარტნიორს წამოიდგენენ „იდეალურ ხატად“. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის მცირე პრობლემაც კი მიიჩნევა კატასტროფად და გადაულახავ მდგომარეობად.
წარსული ტრავმული გამოცდილების გავლენა ურთიერთობებზე
წყვილებს შორის წარსულში განცდილმა ტრავმებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონის ახალ ურთიერთობებზე, რაც ახალი ურთიერთობის დაწყების სირთულეებში შეიძლება გამოიხატოს. წარსული ტრავმული გამოცდილება შესაძლოა გარკვეული შიშის და შფოთვის მიზეზი გახდეს ახალი ურთიერთობის დაწყებაში, რაც უარყოფითი მოლოდინების წინაპირობაა. შესაძლოა გამოიწვიოს ახალი ნაცნობობის და ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილის დაბლოკვაც. მნიშვნელოვანია მოხდეს წარსულში განცდილი ტრავმის ბოლომდე გაცნობიერება და გადალახვა, რათა სრულფასოვნად წარიმართოს შემდგომი ურთიერთობები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა აუცილებელი გახდეს სპეციალისტის ჩართვა. ასევე მტკივნეულად აღიქმება პარტნიორის მხრიდან შედარება სხვა ადამიანებთან და ნაკლოვანებებზე ხაზგასმა, რაც წყვილთა შორის კონფლიქტის მიზეზად შესაძლოა ჩამოყალიბდეს. მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა ბოლომდე გააცნობიერონ უთანხმოებისა და გაუგებრობის მიზეზები და მათი გადაწყვეტილების შედეგად შეძლონ ურთიერთობის დასრულება ტრავმული ელემენტების გადალახვით და ბოლომდე წერტილის დასმა.
განსაკუთრებით მძიმე კვალს ტოვებს წარსულის ძალადობრივი გამოცდილება, რომელიც ხელს უშლის ახალი ურთიერთობის დაწყებას და განვითარებას.
მნიშვნელოვანია წყვილთა შორის წარსულში განცდილი ტრავმის ბოლომდე გაცნობიერება და გადალახვა, რათა წარსულმა ტრავმამ არ იქონიოს უარყოფითი გავლენა ახალ ურთიერთობებზე.
წყვილთა შორის უთანხმოების მიზეზები მრავალფეროვანია: განსხვავებული შეხედულებები, საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გადამეტებული სწრაფვა, თავისუფალი დროის გატარების განსხვავებული მოთხოვნები, ერთმანეთის პიროვნული გრძნობების, შეხედულებების და ღირსების უპატივცემულობა, ასევე ერთმანეთის გაგების, მზრუნველობის და ყურადღების ნაკლებობა, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, ფსიქო-სექსუალური შეუთავსებლობა.
ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობებს თან ახლავს კრიზისული პერიოდები, რაც კრიზისულ ფსიქოლოგიაში ყოველთვის უარყოფით კონტექსტში არ განიხილება, ვინაიდან კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვა უფრო ძლიერს და მყარს ხდის ურთიერთობებს. კრიზისულ პერიოდებში წამყვანი ხდება ერთფეროვნების განცდა, სათანადო ყურადღების ნაკლებობა, რაც მნიშვნელოვანია შეივსოს გარკვეული სიახლეებით.
ოჯახური ურთიერთობის კრიზისული ეტაპები
მყარი და პოზიტიური პარტნიორული ურთიერთობის მთავარ შედეგს ხშირად ოჯახის შექმნა წარმოადგენს. ოჯახური ურთიერთობებიც ერთ-ერთი ფორმაა პიროვნული ურთიერთობების, რომელსაც თან ახლავს კრიზისული ეტაპები.
ოჯახური ურთიერთობის რამდენიმე კრიზისულ პერიოდს გამოყოფენ:
პირველ კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს ურთიერთობის პირველი წელიწადი, როცა ხდება პარტნიორების მიერ ერთმანეთის უკეთ შეცნობა, „ჩვენ“–კონცეფციის გაცნობიერება, ეს არის პარტნიორთა ურთიერთდაპირისპირების პერიოდი.
მეორე კრიზისული პერიოდი ბავშვის დაბადებას, მშობლების პასუხისმგებლობას, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესრულებას ეხება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წყვილის ურთიერთობაზე.
მესამე კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს ერთფეროვნების პრობლემა, როცა მნიშვნელოვანი ხდება სიახლის და გარკვეული ცვლილებების განხორციელება ურთიერთობაში.
შემდეგი კრიზისული პერიოდი ხშირად ემთხვევა ხანდაზმულობის პერიოდის დაწყებას, როცა შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებით გამოწვეული მარტოობის განცდა ჩნდება.
კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვა აძლიერებს წყვილთა შორის ურთიერთობებს და მყარს ხდის მათ მომავალ პარტნიორობას.
წყვილთა შორის პოზიტიური ურთიერთობების ფაქტორები
წყვილთა შორის პრობლემის მოგვარების და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების მზა რეცეპტები არ არსებობს, ვინაიდან ნებისმიერი ურთიერთობა არის ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა შესაძლებელია ვისაუბროთ იმ ფუნდამენტურ ასპექტებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ და აძლიერებენ ურთიერთობის პოზიტიურ ფაქტორებს.
წარმატებული და მყარი ურთიერთობები წყვილებს შორის – ეს მათი უნარების დამსახურებაა, ხოლო წარუმატებელი ურთიერთობებიც გაუგებრობისა და შეცდომების შედეგია.
მნიშველოვანია ურთიერთობებში წყენის არდაგროვება, გულახდილი საუბარი, ერთმანეთის მოსმენა, ურთიერთგაგება და მიმდინარე პრობლემის ერთობლივი დაძლევა.
მყარი ურთიერთობის საფუძველს უპირობოდ სიყვარული წარმოადგენს; წყვილთა შორის მსგავსი ღირებულებათა სისტემა, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებების შეცნობა და ურთიერთობების კრიზისული პერიოდის შესახებ ინფორმირებულობა, ამ პერიოდების წარმატებით დაძლევა წარმოადგენს პოზიტიური ურთიერთობების განმაპირობებელ ფაქტორებს.
წარსულს აწმყოში არაფერი ესაქმება, მაგრამ წარსული ურთიერთობების გამოცდილების გაანალიზება აწმყოში მნიშვნელოვანია.