ატელიე N55, თბილისელი ძველი მკერავი და კარუსელი, რომელიც ტრიალებს

© photo: courtesy of Sopo Kalatozishviliზაქრო კალატოზოშვილი
ზაქრო კალატოზოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო – ეს გამონათქვამი ყველაზე ზუსტად მოდაზე მართლდება...

ბატონ ზაქრო კალატოზიშვილს 27 წლის ასაკში თბილისში უკვე ყველა იცნობდა როგორც პროფესიონალ მკერავს, დღეს დიზაინერს რომ ეძახიან. მასთან რიგები იდგა და მოდურ თუ ოფიციალურ სამოსს იკერავდა ყველა – საბჭოთა ჩინოვნიკით დაწყებული, ქალაქში გემოვნებით ჩაცმული მამაკაცით დამთავრებული...

ბატონი ზაქრო დროს ფეხდაფეხ მისდევს და, შესაბამისად, დღესაც თავის საქმეს ემსახურება.

© photo: courtesy of Sopo Kalatozishviliზაქრო კალატოზოშვილი
ატელიე N55, თბილისელი ძველი მკერავი და კარუსელი, რომელიც ტრიალებს - Sputnik საქართველო
ზაქრო კალატოზოშვილი

- ბატონო ზაქრო, თქვენზე გავიგე, რომ იმ დროს თქვენ გემოვნებას, თურმე, ბევრი ხელოვანი და პოლიტიკოსი ენდობოდა...

- ამ საქმეში მჟავანაძის დროიდან ვარ, ვინ აღარ მოდიოდა ჩემთან... სამთავრობო წრეებიდან ჩინოვნიკები ხშირად მაკითხავდნენ. ზოგი მათგანი ჩემთან ესკორტით მოჰყავდათ. „კაგებე“ მოიყვანდა ხოლმე დიდ ჩინოვნიკს, „პრიმერკას“ ავუღებდი და მერე ისევ უკან მიჰყავდათ. ოფიციალური შარვალ-კოსტუმი რამდენი შემიკერავს, უკვე აღარც მახსოვს...

- როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა, რამდენი წლის იყავით?

- მეშვიდე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი, მერე მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში ვაბარებდი, მაგრამ კორუფცია იყო და ყველაფერი ჩაწყობით ხდებოდა, ამიტომ ვერ ჩავაბარე. მშობლებმა ბევრი იფიქრეს და რახან კერვისადმი მიდრეკილებას ვავლენდი, სამკერვალოში მიმიყვანეს. ერთხელ სკოლაში შრომის გაკვეთილზე დაგვავალეს რაღაცების შეკერვა. ძველი შინელის ქსოვილისგან სახლის ფლოსტები შევკერე და მთელი ხუთი წელი მეტეხის სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ჩემი ნახელავი გამორჩეულ ადგილზე ეკიდა.

© photo: courtesy of Sopo Kalatozishviliზაქრო კალატოზოშვილი ახალგაზრდობაში
ატელიე N55, თბილისელი ძველი მკერავი და კარუსელი, რომელიც ტრიალებს - Sputnik საქართველო
ზაქრო კალატოზოშვილი ახალგაზრდობაში

- როდის დაოსტატდით, ეს საქმე რომელმა პროფესიონალმა შეგასწავლათ?

- მე ყოველთვის აქ ვარ, ანუ სამკერვალო ატელიეში, რომელიც კავსაძისა და მოსაშვილის კუთხეშია, N55-ში. თავის დროზე კერვა ამ საქმის სპეციალისტმა არჩილ ვარდიაშვილმა მასწავლა. ეს ატელიე სწორედ მის დროს გაიხსნა. ეს იყო 1964 წელი და მაშინ 16 წლის ბიჭი ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, პირველ ივნისს პირდაპირ ამ ატელიეში მოვედი. ძველი საბუთი ახლაც შენახული მაქვს, რომ ატელიეში ივნისიდან ვარ. დღეს აქ უკვე ხუთი კაცი დავრჩით. კლიენტი დღემდე მენდობა, თუ რამე შესაკერი ან გადასაკეთებელია, ისევ ჩემთან მოდიან. ადრე ბუმი იყო მეღვინეობის და, მახსოვს, მეღვინეები მოდიოდნენ ჩემთან ხშირად და ტანსაცმელს მიკვეთავდნენ.

- ვიცი, რომ მარტო პოლიტიკოსებს არ ემსახურებოდით, ხელოვანებიდან ვინ გახსენდებათ?

- ძალიან კარგად მახსენდება მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ჩემი კლიენტი დღემდეა ჟანრი ლოლაშვილი, რომელსაც დიდი მოსაცმელები უყვარს. მომღერალი მამუკა ონაშვილი თავის დიდი ზომის პერანგებს მხოლოდ მე მაკერინებს ხოლმე. ახლა ჩემთან ერთი უცხოელი მამაკაცი, ასე 50-55 წლის იქნება, მოდის ხოლმე და რაღაცეებს მიკვეთავს. როგორ მომაგნო არ ვიცი!..

- ისე, როგორი კინოსთვის შესაფერისი გვარი გაქვთ და...

- სწორედ კინოზე გამახსენდა, მაშინ 17 წლის ვიყავი, როცა ჩვენ სოფელში „ლონდრეს“ იღებდნენ. მაშინ ბევრი მსახიობი ახლოდან ვნახეთ, გივი ბერიკაშვილი და ეროსი მანჯგალაძე გავიცანით. ბიჭები მივდიოდით და ვუყურებდით როგორ იღებდნენ ამ ფილმს. მაშინ ფილმის მასობრივ სცენებშიც გადაგვიღეს. ზაფხული იყო და გადაღებისთვის სამი მანეთი მომცეს. როგორც ჯარისკაცები ისე დავდიოდი, ხიშტებიც დაგვირიგეს. სხვათა შორის, ფილმის ოპერატორი ტიტე კალატოზიშვილი იყო, დიდი მიშას შვილი. მახსოვს, ერთხელ პატივი ვეცით მსახიობებს, თევზი დავიჭირეთ, ზოგმა ღვინო მოიტანა და ვაქეიფეთ. კარგი დრო იყო და ის გენიალური მსახიობები კარგი ადამიანები იყვნენ...

© courtesy of Sopo Kalatozishviliზაქრო კალატოზიშვილი ქალიშვილებთან ერთად
ატელიე N55, თბილისელი ძველი მკერავი და კარუსელი, რომელიც ტრიალებს - Sputnik საქართველო
ზაქრო კალატოზიშვილი ქალიშვილებთან ერთად

- როგორ შარვლებს უკერავდით „სტილიაგებს“, ალბათ, ე.წ. „შლაქსებს“?

- არა, რას ამბობთ, პირიქით, ახლა რომ არის მოდაში, ისეთ შარვლებს ვუკერავდი. ისე ვიწრო შარვალი იყო, რომ ალბათ საპნით ძლივს იხდიდნენ ხოლმე. ბუბა კიკაბიძე ჩვენთან სწორედ ასეთ შარვლებს იკერავდა, სამკუთხედი პიჯაკები ეცვა ხოლმე.

- თქვენ როგორი სტილი გიყვარდათ?

- მე თავისუფალ სტილს ვატარებდი. 20 წლის ბიჭი რომ ვიყავი, მოკასინები მეცვა, ახლაც შემოდის მოდაში. დღეს კი არ მაქვს სპეციფიკური სამუშაო სამოსი, უფრო ხშირად ჯინსი მაცვია ხოლმე. დღემდე თუ ვინმეს რამე არაორდინალური აქვს შესაკერი, მაინცდამაინც მე მაკითხავენ. დღეს ბევრს ძალიან გემოვნებიანად აცვია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ესა თუ ის სტილი უნდა შეეფერებოდეს კიდეც მამაკაცს, მარტო მოდაც არ არის საკმარისი.

- ქალებს არ უკერავდით?

- კი, ქალებსაც ვუკერავდი, ბევრი ცნობილი ქალი დადიოდა ჩემთან კაბის გადასაკეთებლად, ახლა უხერხულია მათი დასახელება.

- უხერხული რატომაა, გინეკოლოგი ხომ არ ხართ?
- მართალია, მაგრამ მაინც... ისე, მედიცინაზე გამახსენდა – ცნობილი ექიმ-რენტგენოლოგი ამირან ჩაჩავა მაკერინებდა ხოლმე ხშირად შარვალ-კოსტიუმს.

- ბატონო ზაქრო, რა არის მოდა?

- მოდა? მოდა არის კარუსელი!

- ანუ იმას გულისხმობთ, რომ ყველაფერი მეორდება?

- ზუსტად ასეა, ყველაფერი მეორდება. მოდაში ისევ ის შემოდის, რაც ადრე იყო! დაკვირვებული ვარ, რომ ყოველ 30 წელიწადში ისევ ძველი სტილი ხდება აქტუალური და მოდური.

- ანუ კარუსელი ისევ ტრიალებს?

-კი, ბატონო, ტრიალებს!..      

 

ყველა ახალი ამბავი
0