თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა ქარელში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
აფეთქება ქარელში გამთენიისას ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ კორპუსში მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
გაზის დეტექტორების დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს>>
რაც შეეხება დაზარალებულს, ის 58 წლის მამაკაცია, რომელიც მსუბუქად დაშავდა. ის ამჟამად სტაციონარში იმყოფება.
„პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე დაზიანებულია ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობიდან მოქალაქეები გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გაზის საავარიო ჯგუფის წარმომადგენლები და ყველა შესაბამისი სამსახური.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
მიმდინარე წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. თბილისში აფეთქება მოხდა რამდენიმე დღის წინაც. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.