თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს მთავრობა ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას აპირებს. შესატანი ცვლილებების მიზანი თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლების გამო გამოწვეული უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკის შეცვლაა. სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორისა და ისანი-ვაზისუბნის რაიონებში ირღვევა.
კომპანია „თბილისი ენერჯი" სამინისტროს კანონპროექტში ორი პუნქტის დამატებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისთვის სავალდებულო გახდება გაზის დეტექტორების დამონტაჟება, ხოლო დახურულ სივრცეში აკრძალული იქნება ღია წვის კამერიანი გამათბობლების დამონტაჟება.
„თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციების დამატებით დაწესება უსაფრთხოების მეტ გარანტიას უზრუნველყოფს.
კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი, თვითნებურად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეს ფულადი ჯარიმა დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში თანხა ორმაგდება.
ახალი რეგულაციები უკვე შემუშავებულია. რეგულაციების გამკაცრება საცხოვრებელი ბინების სავალდებულო შემოწმებას გულისხმობს. ცვლილებები ერთ თვეში ამოქმედება. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აკრედიტირებული ინსპექტორები შეამოწმებენ.
რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეთა ბინების შემოწმება წელიწადში ერთხელ სავალდებულო გახდება. ცვლილებები ძალაში 2019 წლის 15 ნოემბრიდან შევა. ჯერჯერობით ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული არ არის.
„თბილისი ენერჯი" თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარების პრობლემაზე ინფორმაციას მუდმივად ავრცელებს. კომპანიის ბოლო სტატისტიკით სექტემბერში თბილისის საცხოვრებელ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებისას 2918 დარღვევა გამოავლინა. კომპანიის სპეციალისტებმა მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული.
მიმდინარე წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.