ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი კათოლიკოს-პატრიარქის განწესების შესრულებას არ აპირებს

გამოწერა
ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტრის ნაცვლად, სადაც ის პატრიარქმა განაწესა, ინჩხურის მონასტრის დათმობას მოითხოვს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) არ აპირებს შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განწესდა. შესაბამისი განცხადება მეუფე პეტრემ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელთან მიტროპოლიტ გრიგოლთან (კაცია), სხვა სასულიერო პირებთან და მრევლთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

პეტრე ცაავა - Sputnik საქართველო
„პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" – მამა პეტრე (ცაავა) განმარტავს

როგორც მამა პეტრე აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა.

„შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები“, – განაცხადა მამა პეტრემ.

ამასთან, მამა პეტრე აცხადებს, რომ მას მიტროპოლიტ გრიგოლისთვის, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მის ნაცვლად უხელმძღვანელებს, ეპარქიის გადაბარების პრობლემა არ ჰქონია.

„მე მარტივად დავთმე გუშინაც ეს მდგომარეობა. შეფასებაზე იმავე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებასთან მიმართებაში პრობლემა რომ მქონოდა, მაშინ წავიდოდი კომპრომისზე“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ და კითხვაზე, რა გეგმა ექნება მომავალში, დასძინა, რომ „გონივრული მოქმედების გეგმა ექნება“.

წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს მიტროპოლიტის წოდება ჩამოართვა, რადგან მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ იმავე დღეს გაავრცელა ოფიციალური განმარტება. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0