თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურებს, მონაზვნებსა და მრევლს შეხვდა და ბოლო დროს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
ილია მეორე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის დამკვიდრებისთვის>>
წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.
„მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი და მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, და ზოგადად სინოდის მასშტაბით", – განაცხადა მამა პეტრემ შეხვედრაზე.
მარტვილის ტაძარში შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან შეგუებას და ახალი მიტროპოლიტის მიღებას. სინოდმა გუშინ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე გრიგოლი (კაცია) ჩაუდგება სათავეში, რომელიც წალკის ეპისკოპოსი იყო.
მამა პეტრეს თქმით, დღევანდელი დღე მისთვის მორიგი განსაცდელია, რომელიც მან ისე უნდა გადალახოს, რომ ბოროტმა შეცდომა არ დააშვებინოს.
„ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ გასაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, განსაცდელს გაუმკლავდე და ატარო ჯვარი… ღმერთს ვთხოვ, რომ არ დავუშვათ შეცდომა და ყველაფერთან ერთად ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოროტმა არ დაგვაშვებინოს შეცდომა", – განაცხადა მამა პეტრემ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება ხუთშაბათს გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.
მეუფე პეტრე პატრიარქს უყვიროდა - სამღვდელოებამ სინოდზე მომხდარის შესახებ ისაუბრა>>
სინოდის გადაწყვეტილებით, მამა პეტრეს მღვდელმსახურება აეკრძალა. ის მონანიებისთვის მონასტერში უნდა გაიგზავნოს.
ნიკა ლატარია