თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების სიმბოლო და მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები გახლავთ შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
გიორგი გახარიამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.
„საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია „პედარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".