თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 1 იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს აცხადებს, ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაუწყებელი მიმდინარე ვალდებულებებს შეასრულებს და 2020 წლის 1 იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.
„საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი არხი ამ გადაწყვეტილებით უარს ამბობს იმ შემოსავალზე, რომელიც სრულად ხმარდება სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.
აღნიშნული გადაწყვეტილება არხის მენეჯმენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც პირველი არხის ოპერატორი, სანდრო ბერაძე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ახლობლები 29 წლის სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა გუშინ, ცხვარიჭამიის ტყეში მიაგნეს. ახლობლები სანდროს გარდაცვალებას მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებენ. ოჯახის ცნობით, სანდრო ბერაძე დედას და ძმას ტელეფონით ბოლოს 25 ოქტომბერს ესაუბრა და ბოდიში მოუხადა.