თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, თეატრის, კინოსა და ტელევიზიის 47 წლის მსახიობი აურელია ტიერე (Aurelia Thierrée) პირველად წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე – ის მონაწილეობას მიიღებს სპექტაკლში „ზანზალაკები და ავგაროზი" (Bells & Spells). სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის GIFT („საჩუქარი") ფარგლებში გაიმართება.
წარმოდგენა ოთხშაბათს, 30 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.
აურელია დადგმაში კლეპტომანი ქალის როლს ასრულებს, რომელსაც სხვისი საგნების მითვისების სურვილი ამოძრავებს. სპექტაკლი აურელიას დედამ, ჩარლი ჩაპლინისა და მწერალ უნა ო'ნილის ქალიშვილმა ვიქტორია ტიერე-ჩაპლინმა დადგა.
სპექტაკლი იუმორისა და აბსურდის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.
„ეს გახლავთ ამბავი გამოუსწორებელ კლეპტომანზე, რომელიც უცაბედად აღმოაჩენს, რომ იმ საგნების იმედად არის, რომლის მოპარვასაც ცდილობს. არარეალური მექანიზმების, უცნაური შემთხვევების, ჯადოსნური მუსიკალური ზარდახშების და კიდევ ათასი მოულოდნელი სიურპრიზის დაუსრულებელ თეატრალურ თავგადასავალს ჩარლი ჩაპლინის ოჯახისგან საჩუქრად ვუძღვნით თბილისის მაყურებელს", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
„ზანზალაკები და ავგაროზი" ვიქტორია ტიერე-ჩაპლინისა და მისი ქალიშვილის აურელიას მესამე ერთობლივი ნამუშევარია. უფრო ადრე მათ შექმნეს სპექტაკლი „აურელიას ორატორია“ (2003) და „კედლების ჩურჩული" (2011).
საერთაშორისო ფესტივალი GIFT, რომელზეც წელს ჩამოვიდნენ თეატრალური დასები უკრაინიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან, დედაქალაქში 19 ოქტომბერს დაიწყო და 16 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
„საჩუქრის" მორიგ სეზონს 16 ნოემბერს დაასრულებს სპექტაკლი „სინქრონულობის გზაჯვარედინზე". დადგმის ქორეოგრაფია ცნობილი ამერიკელი მოცეკვავე კაროლინ კარლსონი. კაროლინის მოცეკვავეთა დასმა დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ევროპულ ცეკვაზე, ისევე, როგორც თავად კარლსონმა. ამერიკელმა მოცეკვავემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ცეკვის განვითარებაში საფრანგეთსა და იტალიაში ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში.
„საჩუქარი" – ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებმა (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი) დააარსეს. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.
თბილისის ფესტივალის საპატიო სტუმარი – სერიალის „სექსი დიდ ქალაქში" ოპერატორი>>
„საჩუქარი" თეატრის მოყვარულთ ყოველ წელს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ შემოქმედებას აცნობს. მათ შორისაა მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეატრი და მრავალი სხვა.
აურელია ტიერე 1971 წელს საფრანგეთში დაიბადა. ეკრანებზეა 1990-იანის შუა წლებიდან. გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ", „გოიას მოჩვენებანი" და სხვ.