თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი კინორეჟისორი და ოპერატორი როჯერ სიმონსი (Roger Simonsz), რომელიც მუშაობდა ცნობილ სერიალებზე „სექსი დიდ ქალაქში", „კასლი", ასევე ფილმზე „ეშმაკი ატარებს პრადას" და სხვა მრავალ სურათზე, თბილისის კინო- და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის Golden Eye – „ოქროს თვალი" საპატიო სტუმარი გახდა.
ფესტივალი 26-27 სექტემბერს სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში იმართება. ის მოიცავს ტელე- და კინოოპერატორების კონკურსს, სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენას, ასევე მასტერ-კლასებს, რომლებსაც ქართველ კინემატოგრაფისტებს სპეციალურად მოწვეული სტუმრები ჩაუტარებენ.
დამდგმელი ოპერატორი როჯერ სიმონსი წარმოშობით ჰააგიდან (ნიდერლანდები) არის. კინოს სამყაროშია 1990-იანი წლებიდან. ამჟამად სიმონსი ცხოვრობს და მუშაობს პარიზსა და ლონდონში.
ქართული ფესტივალის მეორე საპატიო სტუმარია წარსულში BBC-ს ოპერატორი, ამჟამად დიდი ბრიტანეთის ტელეოპერატორთა გილდიის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ჰენშალი.
მასტერ-კლასების თემებია „კადრები კადრებს მიღმა" და „ერთხელ ოპერატორი – მუდამ კინემატოგრაფისტი".
კონკურსის ნომინაცია ოთხი იქნება: საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი; საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ოპერატორული ნამუშევარი; საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი.
საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 2009 წლიდან ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია საოპერატორო ხელოვნების მხარდაჭერა, საუკეთესო ოსტატების წინსვლა და მათი ნამუშევრების წახალისება.
ფესტივალში მონაწილეობენ ოპერატორები მთელი მსოფლიოდან: ავსტრალიიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე.