თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ საქართველოს პოტენციალი გააცნო, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო ლანჩის ფორმატში შედგა, მხარეებმა ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურისა და სპორტის სფეროებში საქართველო-იაპონიის ურთიერთობებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იაპონური მედიის საშუალებით საქართველოს პოპულარიზაციის შესაძლებლობებს.
ზურაბიშვილის ვიზიტი იაპონიაში საკმაოდ დატვირთული კულტურული პროგრამით გამოირჩევა. იგი დაესწრო იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიას, ასევე გამართა შეხვედრები, მათ შორის ავსტრიელ კოლეგა ვან დერ ბელენთან, იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტ აკიკო სანტოსთან, ტოკიოს მერ იურიკო კოიეკესთან, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისა და ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებთან და კომპანია Japan Arts-ის პრეზიდეტნ ჯუნიჩი ნიჰეიმთან.
გარდა ამისა, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქსიანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამტკიცებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.
იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 25 ოქტომბერს დასრულდება.