თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ავჭალის დასახლებაში, მდინარე მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის – „დიღომიჰესის“ მშენებლობა იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
რა შემთხვევაში არ გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი: თურნავამ პირობა დაასახელა >>
საუბარია სავაჭრო-გასართობ ცენტრ „თბილისი მოლის“ უკან, დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარე ტერიტორიაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეს იქნება 11,26 მეგავატი დადგმული სიმძლავრის, კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგური.
პროექტის განხორციელებას შპს „ჯი ემ ჯი“ გეგმავს, 8 ნოემბერს კი, დაგეგმილია ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა.
შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებულ მასალებში აღნიშნულია, რომ პროექტით გათვალისწინებული არ არის სადერივაციო-სადაწნეო სისტემის (გვირაბი, მილსადენი) და დამოუკიდებელი სააგრეგატო შენობის მოწყობა.
„ჰესი წარმოდგენილი იქნება მდინარე მტკვრის გადამღობი დამბით, რომლის ერთ მხარეს მოეწყობა უქმი წყალსაგდები, ხოლო მეორე მხარეს – სააგრეგატო ნაწილი, სადაც დამონტაჟებული იქნება ჰიდროტურბინები და სხვა დამხმარე ჰიდრომექანიკური თუ ელექტრომოწყობილობა. საპროექტო „დიღომი ჰესი“ კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე არსებული „ორთაჭალჰესის“ მსგავს საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ბოლო დროს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. ამიტომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქვეყანას იმპორტის განხორციელება უწევს.
საპროტესტო აქცია ლაფანყურში: მოსახლეობა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება >>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით (ESCO), 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში მოხმარებულია თითქმის 8,6 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავებულია - 8,3 მილიარდი კილოვატ-საათი. ამის გამო საქართველო იძულებულია ელექტროენერგია მეზობლებისგან შეიძინოს.
ენერგეტიკული დეფიციტის საკითხის გადაჭრის გზას სპეციალისტები ელექტროსადგურების მშენებლობაში ხედავენ, რომელთა შორის ზოგი ექსპერტის აზრით პრიორიტეტული მცირე ჰესები უნდა იყოს