თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლე, 16 წლის დავით სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა პირთა ჯგუფმა და მანამდე მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული გიორგი ჯანაშია ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნო და 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სასამართლოში ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. ამასთან, ცნობილი გახდება საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო სხდომების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. აქამდე, სარალიძის საქმის არსებითი განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საზარელი მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, №51 და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ დანაშაულის ჩადენისთვის მანამდე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გ.ჯ. კი - სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.
მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის მიხეილ კალანდიას დაკავებას მუდმივად ითხოვდა დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელმაც საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო.
იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდია, შესაძლოა, დავით სარალიძის მკვლელობის მონაწილე ყოფილიყო, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგო კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია სარალიძისა და გ.ჯ.-ს გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვა 2019 წლის 3 ივნისს დასრულდა. სასამართლომ დაადასტურა გამოძიების ვერსია იმის თაობაზე, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა. რაც შეეხება გ.ბ.-ს, მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მკვლელობის თაობაზე უცვლელი დარჩა. შედეგად თითოეულ მათგანს 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.