თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე გახდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში.
შარიქაძემ, რომელიც უკვე ოცი წელია, კონსერვატორიის სტუდენტებს მეოცე საუკუნის მუსიკის ისტორიას ასწავლის, ამ თანამდებობაზე კომპოზიტორი და ჯაზ-მუსიკოსი რეზო კიკნაძე შეცვალა.
კონსერვატორიის რექტორს ოთხი წლით ირჩევენ. მისი არჩევა თანამდებობაზე ორჯერ და მეტჯერ შეიძლება. კიკნაძე კონსერვატორიის რექტორი ორი ვადით იყო - 2011 წლიდან.
კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მუსიკის ისტორიის ასოცირებული პროფესორი ნანა შარიქაძე არჩევნებში სამ კანდიდატთან ერთად მონაწილეობდა. ესენი არიან კონსერვატორიის პედაგოგები ნინო ჟვანია და თამარ ჩხეიძე, ასევე კომპოზიტორი ირაკლი ცინცაძე.
„ყველა კანდიდატი იმდენად ღირსეული და ძლიერი იყო, რომ არჩევნის გაკეთება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თითოეულმა კანდიდატმა აკადემიურ საბჭოს წარუდგინა საკუთარი პროგრამა, რომელშიც კონსერვატორიის სამომავლო გეგმების თავისი ხედვა აღწერა. ვეცადეთ, მთელი პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე ყოფილიყო. მეტი ობიექტურობისთვის არჩევნებს ესწრებოდნენ კონსერვატორიის სტუდენტები და ჟურნალისტები", - აღნიშნა კონსერვატორიის PR-მენეჯერმა სოფო ხაჭაპურიძემ.
ახალი რექტორი შვიდკაციანმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია. ნანა შარიქაძემ შვიდიდან ოთხი ხმა მიიღო.