თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა 20 ოქტომბერს შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დაწესებული შეზღუდვა ვენტილატორის დამონტაჟებას უკავშირდება. შეზღუდვა 2019 წლის 20 ოქტომბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმოქმედებს.
„აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.