თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბი, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს, დღის საათებში დაიკეტება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტის განცხადებაში.
კერძოდ, შეზღუდვა 19 და 20 ოქტომბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში გვირაბი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიკეტება. დროის აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება „დევდორაკის“ საავტომობილი გვირაბის შემოვლით გზაზე.
დევდორაკის გვირაბი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 132-133 კმ მონაკვეთზე მდებარეობს. მისი მასშტაბური მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდა. გვირაბი, რომლის სიგრძე 2 კილომეტრამდეა, სავალი ნაწილის სიგანე კი 8,5 მეტრი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილზე აშენდა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ დარიალის ხეობაში გადაადგილება უფრო უსაფრთხო გახდა, რაც თავისთავად ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებას.