საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იმერეთში ტრაგედიის ადგილზე გაემგზავრა

გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, დარკვეთის მაღარო უკანასკნელად ორი თვის წინ შემოწმდა, რის შედეგადაც ტექნიკური გაუმართაობა არ გამოვლენილა.

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში გაემგზავრა.

ჭიათურის „დარკვეთის“ მაღაროში 29 წლის მუშა გიგა ბოჭორიშვილი დაიღუპა. ინციდენტი გუშინ, საღამოს მოხდა. გარდაცვლილს დარჩა ფეხმძიმე მეუღლე და ცხრა თვის შვილი.

ბოჭორიშვილის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ სოფელ ტყაჩირში, სახლში გადაასვენეს. 

შახტი - Sputnik საქართველო
ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა

„ჩვენი ჩართულობა იქნება მაქსიმალური, სწორედ ამისთვის ვარ დღეს აქ. პირველ რიგში ვუსამძიმრებთ ოჯახს. მოხდა მართლაც საშინელი ფაქტი, გარდაიცვალა ახალგაზრდა, რომელსაც ცხრა თვის შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. რაც შეეხება ინფორმაციას, გუშინ უკვე გავგზავნეთ ჯგუფი და ჩვენც მივდივართ ადგილზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, არსებობდეს პრევენცია და ასეთი უბედური შემთხვევები აღარ მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმაც“ (Georgian Manganese), რომელსაც მაღარო ეკუთვნის. წინასწარი მონაცემებით, მუშის გარდაცვალების მიზეზი არ ყოფილა მიწის მასის ჩამოშლა, ავარიული შემთხვევა ან ტექნიკური გაუმართაობა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მაღარო, სადაც მუშა დაიღუპა, ორი თვის წინ შემოწმდა და ის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

„უბედური შემთხვევა არ უკავშირდება მაღაროში არსებულ მთავარ რისკს, რაც არის კედლებისა და მიწის ჩამოშლა. ასეთი რამ არ მომხდარა, ყველაფერი ადგილზეა და ვიზუალურად ჩანს, რომ ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ტექნიკურად შემოწმდა აპარატურა, რომელიც ადგილზე მუშაობდა და იქაც არ დაფიქსირებულა ტექნიკური გაუმართაობა. ყველაფერი გამართულად მუშაობს, შესაბამისად, დაუდევრობა, უყურადღებობა დგას დღის წესრიგში და მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კომპანიის პრეს-სპიკერმა აკაკი გოგიჩაიშვილმა. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, რასაც თან ახლავს სამ წლამდე თანამდებობაზე მუშაობის უფლების ჩამორთმევა.

Georgian Manganese არის ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი მაღაროების ოპერატორი. საწარმოში სამი ათასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. კომპანია ფლობს ათ შახტს, რამდენიმე ფაბრიკა–ქარხანას და ავტოპარკს.

Georgian Manganese შედის კომპანიაში Georgian American Alloys Company. ამავე კომპანიაში არიან გაერთიანებული ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე“ და კლინიკა „ფერომედი“. კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

საქართველოს პროფკავშირების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 37 მძიმედ დაშავდა.

2018 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დადგენას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეული ადამიანი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. კანონი აწესებს ასევე ჯარიმებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის.

გარდა ამისა, 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დამსაქმებლები ვალდებული არიან, დააზღვიონ დასაქმებულები უბედური შემთხვევებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0