თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობასთან“ დაკავშირებით პოლიცია, მაშველები და მეხანძრეები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
„თბილისობა-2019“: თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ქალაქის დღეს აღნიშნავენ - ვიდეო >>
ძველი თბილისის ტერიტორიაზე, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება, მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი; მტკვარზე მაშველების კატერები პატრულირებენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები წელს ოთხ ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.
წელს „თბილისობა“ 35-ედ აღინიშნება. პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.