თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის, ასევე „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი М“-ის ყოფილი მფლობელის ავთანდილ წერეთლისთვის 17 მილიონამდე დოლარის გათეთრების საქმეზე ბრალის წაყენების საფუძველი არსებობს.
ხაზარაძის საქმე – სასამართლოზე ადვოკატმა და პროკურორმა იკამათეს >>
საქართველოს პროკურატურასთან უცხოელ მრჩეველთა ჯგუფი 2014 წლის ივლისში შეიქმნა. იგი საქართველოს პროკურატურას გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე კონსულტაციებს უწევს.
ჯგუფში შედიან: ყოფილი იუგოსლავიის საქმის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კოფი.
სპეციალისტების დასკვნა
გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და ეხება 2008 წელს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი საბანკო ოპერაციის მეშვეობით, კომპანიების „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი М“-ის დახმარებით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას.
საქართველოს პროკურატურამ საქმის მასალები შესასწავლად მოშე ლადორსა და პოლ კოფის გადასცა.
„ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა“, – აღნიშნულია პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ექსპერტთა შეფასებაში.
ექსპერტების აზრით, დანაშაულს ამტკიცებს ის ფაქტი, რომ „თიბისი ბანკისგან“ თანხების მიღების შემდეგ შპს „სამგორი M“-მა და შპს „სამგორი თრეიდმა“ აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს „თიბისი ბანკში“.
მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა "ლელოს" 12 ლიდერი დაასახელა >>
„ფაქტები ცალკეულად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის – თაღლითობის არსებობას“, – ნათქვამია კომენტარში.
ხაზარაძემ უცხოელ ექსპერტთა დასკვნას აბსურდი უწოდა. როგორც მან ტელეარხ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ექსპერტებს მასალები სრულად არ უნახავთ. ხაზარაძის თქმით, უცხოელი ექსპერტების დასკვნა ეფუძნებოდა არასრულ ინფორმაციას. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ყველაფერი სხვა თემების გადასაფარად კეთდება. მისი სიტყვებით, იმის შესახებ, რომ ლადორი და კოფი საქმის დეტალებს არ იცნობენ, სასამართლოშიც ითქვა.
საქმის დეტალები
2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M“-მა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
„თიბისი ბანკს" არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
გაპოლიტიკოსებული ბიზესმენი, ანუ კარადაში ჩონჩხების აღმოჩენის სეზონი იწყება >>
17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში.
პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.