თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. დამოუკიდებელი ტელეარხი „TV პირველის" (TV Pirveli) დირექტორი ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გახდა, ამის შესახებ ტელეკომპანიის მფლობელმა ვახტანგ (ვატო) წერეთელმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
ინგა გრიგოლიას ტელეარხზე თავისი საავტორო გადაცემა „რეაქცია“ მიჰყავს.
„გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით. ინგა „პირველზე“ იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან „რეაქციასთან“ ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ!“ – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.
ვატო წერეთლის მამას, კომპანიების „სამგორი თრეიდი" და „სამგორი М" დამფუძნებელს ავთანდილ წერეთელს ბრალად TBC Bank-ის მეშვეობით ფულის გათეთრებაში დახმარება ედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთლის თავისუფლებაში დატოვება 500 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გადაწყვიტა. გირაო მისმა ვაჟმა ვატო წერეთელმა შეიტანა.