თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერია А კატეგორიის ტაქსის მძღოლებს სალონების უფასო წმენდის ვაუჩერებს კვლავ დაურიგებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის ტაქსის მძღოლებს სმს-შეტყობინება დაეგზავნებათ, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რომელ სერვის-ცენტრს უნდა მიმართონ მომსახურებისთვის. პირველი ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად მათ ვაუჩერის მისაღებად სადმე წასვლა არ მოუწევთ. გარდა ამისა, ტაქსის მფლობელებს, რომლებიც ამ ვაუჩერით ისარგებლებენ, სატრანსპორტო საშუალების სახარჯი მასალების (ზეთი, ფილტრი და ა.შ.) შესაძენად 20%-იანი ფასდაკლების ბარათი გადაეცემათ.
„პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები დავაანონსეთ, ძალიან დაბალი იყო აქტივობა და პრაქტიკულად არც მომხდარა მათი გამოყენება, ამიტომ გადავწყვიტეთ მეორე ეტაპი შეგვეთავაზებინა მძღოლებისთვის", – აღნიშნა კალაძემ.
თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. თუმცა, აღნიშნული შემოწმება ლიცენზიის მქონე მძღოლების ავტომანქანებიდან მხოლოდ 70%-მა გაიარა.
მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა. მისი მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მძღოლებს, რომელთა ავტომობილებმაც ტექდათვალიერება გაიარეს. დღეისთვის თბილისში А კატეგორიის 7,7 ათასი ტაქსი და В კატეგორიის 8,8 ათასი ტაქსი მოძრაობს.
A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე შეძლებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.
B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.