თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. არანაირი ასაკობრივი შეზღუდვები ავტომობილებზე ამ ეტაპზე არ განიხილება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურში.
თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში 9 ოქტომბრისთვის დადის А კატეგორიის 7,5 ათასი ტაქსი და В კატეგორიის 8,8 ათასი ტაქსი.
„რაც შეეხება მანქანების გამოშვების წელს და შემდეგ ეტაპს, ყველა ცვლილება ისე იქნება მიღებული, რომ ის მძღოლების ტვირთად არ დააწვეს. და იქნება თუ არა მესამე ეტაპი, ამას განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ მძღოლებთან კონსულტაციის შემდეგ”, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, რეფორმის მთავარი მიზანია ტაქსით გადაადგილება რაც შეიძლება უსაფრთხო და კომფორტული იყოს მოსახლეობისთვის, მაგრამ ისე რომ არ ეს არ დააწვეს ტვირთად ტაქსის მძღოლებს.
A კატეგორიის ტაქსი - თეთრი ფერის მანქანებია, რომლის მძღოლებს ქუჩაში მგზავრების აყვანა და ტაქსის ტრაფარეტის გამოყენება შეუძლიათ. მათ შეუძლიათ მანქანაზე რეკლამის განთავსება, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობა.
მერიის მონაცემებით, 26 ლიცენზირებული ტაქსიდან სავალდებულო ტექდათვალიერება მხოლოდ 70%-მა გაიარა, მათგან მხოლოდ 24%-მა А კატეგორია მიიღო.
კალაძე: ტაქსის გაძვირება ნორმალურია, თუ ვინმეს პრობლემა აქვს, იქნება ახალი ავტობუსებიც >>
B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.