თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები სადავო საცხოვრებელი ბინების გადაცემის საქმეზე ახალი კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც ფართების განაწილების საკითხს ობიექტურად შეისწავლის, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოიეში ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც უწყებამ ბინების განაწილების პროცესი დაასრულა და სიები გაასაჯაროვა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ნგრევადი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. დევნილი ოჯახები ბინებს ასევე მიიღებენ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც.
აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მოქმედ წევრებს, რომლებიც ფართების განაწილების საკითხებს განიხილავენ, კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვენ შეიქმნას ახალი კომისია და ბინებით დროულად დაკმაყოფილდნენ. დევნილები არ გამორიცხავენ, რომ დავა სასამართლოში გაგრძელონ.
„ჩვენი მოთხოვნები არის ბინებით დაკმაყოფილება. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მოვითხოვთ წერილობით საბუთს, რომ არ გვეკუთვნის, ან თუ გვეკუთვნის, როდის", – განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა თამარ დანელიამ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ მათ სახელმწიფო საცხოვრებელი ბინებით არ უზრუნველყოფს. დევნილები შიმშილობის განახლებასაც აანონსებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და, შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. უწყების ცნობით, გარდა ამისა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და, შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა.
უწყების ინფორმაციით, დარჩენილია 273 ბინა, რომელთა მიღებაზე განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი უკვე 17 ათასამდე დევნილ ოჯახს დაუკანონდა.