საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.
დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – დანიის დასაქმების პოლიტიკა და როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.
დანიის ეკონომიკა წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება, ამის ძირითად მიზეზს კი ექსპორტი, კერძო მოხმარება და ინვესტიციები წარმოადგენს. ეკონომიკის ზრდის პარალელურად გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელიც.
დანიაში ძირითადი დამსაქმებელი კერძო სექტორია, ამასთან, ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია. ყველაზე მეტად პრობლემა მენეჯმენტის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, იურისპრუდენციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროებშია.
მოთხოვნა მუშახელზე დანიაში
ბოლო მონაცემებით, დანიის შრომის ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა მენეჯმენტის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, იურისპრუდენციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროებში ფიქსირდება.
დანიის შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტური საქმიანობების შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ე.წ. დადებით სიაში, რომელსაც დანიის დასაქმების სამინისტრო წელიწადში ორჯერ აქვეყნებს. იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქის მიერ დასაკავებელი პოზიცია ამ სიაში შედის, დამსაქმებელი ვალდებული არ არის შრომის ბაზრის ტესტი ჩაატაროს.
გაითვალისწინეთ, დანიაში ლეგალური დასაქმებისთვის, გარვეული პოზიციების დასაკავებლად დაგჭირდებათ განათლების ან კვალიფიკაციის აღიარება ადგილობრივი ორგანოების მხრიდან. ყველა დარგში არსებობს შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებაზე.
მიგრანტი მუშახელის დასაქმება დანიაში – პრაქტიკული რჩევები
თუ დანიაში ლეგალურად დასაქმება გადაწყვიტეთ, აუცილებელია განაცხადი გააკეთოთ ბინადრობისა და შრომის უფლების მისაღებად. განცხადების შეტანა შესაძლებელია დანიის დიპლომატიურ მისიებში (საელჩო, საკონსულო).
განცხადების ფორმა და საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა წარმოდგენილია დანიის მთავრობის ელექტრონულ პორტალზე (https://www.nyidanmark.dk/en-GB). გაითვალისწინეთ, ამ პორტალზე განაცხადის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე ლეგალურად იმყოფებით დანიაში.
დანიაში დასაქმების რამდენიმე სქემა მოქმედებს, რომლის მიხედვით კეთდება განაცხადი შრომისა და ბინადრობის უფლების მისაღებად.
1. ე.წ. „დადებით სიაზე“ დაფუძნებული სქემა. ამ სიაში შესულია ე.წ. დეფიციტური პროფესიების ჩამონათვალი. იმ შემთხვევაში, თუ შემოგთავაზებენ პოზიციას, რომელიც ამ სიაშია, მაშინ უნდა მოითხოვოთ შრომისა და ბინადრობის უფლება. დამსაქმებელს კი თქვენი დაქირავება და დასაქმება შრომის ბაზრის ტესტის გარეშე შეუძლია.
2. ანაზღაურებაზე დაფუძნებული სქემა. ეხება მაღალანაზღაურებად პოზიციებს. მაგალითად, თუ ანაზღაურება შეადგენს არანაკლებ 417 793.6 დანიურ კრონას.
3. სქემა მწყემსებისა და ცხოველთა ფერმების მენეჯერებისათვის. ეს სქემა არ ეხება ფერმის რიგით მუშაკებს და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში დასაქმებულებს. კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
4. ინდივიდუალური საქმიანობისთვის განკუთვნილი სქემა. ეხება ისეთ საქმიანობას, სადაც სამუშაოს მაძიებელი ექსკლუზიურ კანდიდატს წარმოადგენს.
5. სქემა მკვლევართათვის. ესაა სისტემა საჯარო თუ კერძო კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულ მკვლევართათვის.
ჩამოთვლილი სქემებიდან მუშაობისა და ცხოვრების უფლების მიღება ყველაზე მარტივი „დადებით სიაზე“ დაყრდნობით გაკეთებული განაცხადის შემთხვევაშია.