თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. დღეიდან „შმაქსის“ გამოძახება ქოლ-ცენტრის დახმარებით არის შესაძლებელი, ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო სერვისის ქოლ-ცენტრი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.
„გირჩის” ინფორმაციით, კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს „შმაქსისტებისთვის" საგანმანათლებლო მასალების პაკეტის მიწოდება. ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, „შმაქსის“ მასწავლებლები მიიღებენ CD დისკებით, რომელთა ელექტრონული ჩამოტვირთვის რამდენიმე გზა ექნებათ.
„შმაქსი“ ტაქსების ალტერნატივაა, სადაც მგზავრები იხდიან არა მგზავრობაში, არამედ ლექციების მოსმენაში. ამგვარად ოპოზიციონერებს სურთ გვერდი აუარონ ახალ წესებს, რომლის მიხედვითაც თბილისში ტაქსის მანქანა უნდა იყოს თეთრი და მარცხენა საჭით. კომპანიის წესდებაში ნათქვამია, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა და ყველა მის მონაწილეს შეუძლია იმგზავროს ქალაქში ამოსაცნობი ნიშნებით და მგზავრები ქუჩაში აიყვანოს.
დღეისათვის თბილისის ქუჩებში უკვე ორასზე მეტი „შმაქსისტი“ მოძრაობს.
ტაქსის რეფორმა
თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.
A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.
B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში 9 ოქტომბრისთვის დადის А კატეგორიის 7,5 ათასი ტაქსი და В კატეგორიის 8,9 ათასი ტაქსი.