„გავცდით რეგიონის საზღვრებს" – პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შესახებ

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოემბრის პირველ ნახევარში, ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად, ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანთან ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რამაც რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისა და სტაბილურობის კუთხით საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.

გახარია ოთხშაბათს აზერბაიჯანს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა.

„არ იყო შემთხვევითი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონულსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან“, – განაცხადა გახარიამ.
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა: დავით-გარეჯთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა

მისი განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.

გახარიამ აღნიშნა, რომ მხარეებმა დაგეგმეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. ნოემბრის პირველ ნახევარში, ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად, ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.

ეს, საქართველოს პრემიერის სიტყვებით, უნდა გახდეს „ფუნდამენტი და ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების დახვეწის და ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის".

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0